Friday, December 7, 2012

ჩემი სოფელი...


     აქვე, ახლოს, ფარცხანაყანევში...
[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ] „კარდაკარის" პრინციპით სიარულმა რა მომცა?

     ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად „კარდაკარის" პრინციპით მუშაობის რეჟიმში ერთი მეგობრის რჩევით ჩავერთე. მშობლიური სოფელი - წყალტუბოს რაიონის სოფელი ფარცხანაყანები ავირჩიე. ჩემი წინაპრები აქ ცხოვრობდნენ, ამ მიწაზე, ზედ დასტრიალებდნენ, ხნავდნენ, თესავდნენ, ზამთარ-ზაფხულ მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, „პური ჩვენი არსობისა" მოჰყავდათ, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იყოფდნენ...
      ქალაქთან ახლოს კი ცხოვრობენ, მაგრამ გაზი დღემდე არ უნახავთ, ახლა გაჰყავს ხელისუფლებას. წყალზე, რომელიც ამ სოფლის მიწიდან ამოსჩქეფს და ნახევარ ქუთაისს ამარაგებს (ანდა, უფრო სწორად, უნდა ამარაგებდეს, მაგრამ ხელისუფლების უხეირობის გამო, დღემდის ვერ ხერხდება), გადასახადს იხდიან. რატომ იხდიან, ახლაც არ იციან. ფარცხანაყანებელი გლეხი სათბურებს ვეღარ რწყავს, ჭებით სარგებლობს. ამ დროს წყლის „600 დიამეტრიანი მილები" (როგორც აქ ეძახიან) უამრავ ადგილზეა გახეთქილი და დაზიანებული, წყალი ტყუილუბრალოდ იღვრება, ადგილობრივ გლეხებს კი წყლის გადასახადის ორი წლის წინანდელ დავალიანებასაც არ პატიობენ.
     აქ ნორმალური ცხოვრებით მხოლოდ ის ცხოვრობს, ვინც მოახერხა და ოჯახის რომელიმე წევრი საზღვარგარეთ გაგზავნა. ისინი გადასახადებსაც იხდიან და კვირაში ერთხელ ხორციან შეჭამანდსაც მიირთმევენ. სხვები სათბურებში კატორღული შრომით იტანჯებიან, გადასახადებთან ერთად ბანკის ვალებშიც იხრჩობიან და კარგი კვება და კარგი ცხოვრება მუდმივად ენატრებათ.
მათ მცირე ნაწილს ვიცნობ, უმრავლესობას - არა. ახლა საშუალება მეძლევა, მათი ყოფაცხოვრების წვრილმანებს გავეცნო.
     „ცეესკოს" ჩამობეჭდილი, 550 კაცის რეგისტრაციისათვის განკუთვნილი ფურცლები ხელში დავიჭირე (რიგითი რეგისტრატორისათვის განკუთვნილი ქუდი და კედები რატომ არ მერგო, არ ვიცი, არც ჩემი ნაცნობებისათვის უწილადებიათ) და სოფლის 14 კილომეტრიან გზებს ჩვენი ადგილობრივი რესურსებით შევებით.
     ჩვენს სოფელში არანაირი ოპოზიცია არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ხმამაღლა საკუთარი აზრის გამოთქმას ყველა ერიდება. პოლიტიკური აზროვნების ლოკომოტივი ნაციონალებს აქვთ ჩაბმული. ოპოზიციური პარტიების როლებიც იმათ აქვთ განაწილებული და ხალხიც ყრუ დრტვინვით მიჰყვება უკან. აი, ჩემს წინ გაგონილი ფრაზა:
- ხმამაღლა არ თქვა ამ მთავრობის ძვირი, თორე დაგიჭერენ! - გადაუჩურჩულა ასაკოვანმა ქალბატონმა მეუღლეს, როცა მან გადაწყვიტა, აეხსნა ჩემთვის, რომ ამ გრძელი ქუჩის მკვიდრ 60 ოჯახს, როგორც პოლიტიკურად არამოტივირებულებს, ადრე არ აძლევდნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას.
- ამჟამად გექნებათ! - ვაიმედებ მე, თუმცა თავადაც არ ვარ დარწმუნებული ჩემი ნათქვამის ჭეშმარიტებაში.
კარდაკარ ერთთვიანი სარეგისტრაციო ოდისეის შემდგომ, რომლის დროსაც ყველა ჩემი უცნობი მეზობელი და დაკარგული ნათესავები აღმოვაჩინე, 560 ამომრჩევლიდან 6 სიაში ჩარჩენილი მიცვალებული და 20 საზღვარგარეთ გაქცეული ვიპოვე. ამათგან ერთი ოჯახიდან სამიც კი დამხვდა რუსეთში სამუშაოდ გადახვეწილი.
     „მხოლოდ უმცროსი ვაჟი დატოვეს სახლში და ერთ თვეში ისიც აპირებს რუსეთში გადახიზვნას," - ამიხსნა ოჯახის მეზობელმა, - სულ ორი თვეც არ არის, რაც წავიდნენ და უკვე დაეტყო მათ სახლ-კარს - ხომ ხედავ, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები მიიტანეს, სახურავს ცვლიან. კედლები იშლებოდა, სახლი თავზე ენგრეოდათ, 20 წელიწადია მუდმივად სათბურებში მუშაობდნენ, ვერაფერს მიაღწიეს, წლობით იხდიდნენ ბანკების ვალებს. ყველა ქარის ამოვარდნაზე სათბურები თავზე ენგრეოდათ. კუჭი რომ გამოეძღოთ, იმდენ ფულსაც ვერ შოულობდნენ. ახლა ბანკების ვალსაც იხდიან და სახლის რემონტიც დაიწყეს."
     თავად ჩემი მოსაუბრე და მისი ბიძაშვილი, ვინც მათ შესახებ შევსებულ განაცხადებაზე ხელი მომიწერა, ერთ პატარა ფიცრულში ცხოვრობენ, შემოსასვლელში, კარის წინ, თეთრ ცელოფანში, ალბათ, ამ დილით მოკრეფილი ბალი აქვს გახვეული. მოსაუბრემ ცელოფანი ზემოდან ჩუმად წააფარა, რომ არ შემემჩნია. ვხვდები, გასაცემად არ ემეტება... იმიტომ კი არა, რომ ხარბია, იმიტომ, რომ ამ ერთჯერად შემოსავალზე ხვალინდელი მისი ლუკმაა დამოკიდებული. უსიტყვოდ ვუგებ და თვალს ვარიდებ.
- აი, ნახე, ეს მაგიდა უკვე 30 წელია დგას ჩემს ოჯახში. ოთხივე ფეხი ხის ჭიებმა გამოჩრჩილეს, მე კი ახლის ყიდვას და შეძენას ვერ ვახერხებ.
სკამზე დაჯდომისაც მეშინია, ძროხის საწველ ჯორკოზე ვზივარ, - მეუბნება მასპინძელი.
მეც მეშინია, რამეს არ წამოვკრა ფეხი, რომ ვიღრძო, აქედან ჩემს სახლამდე 8 კილომეტრი მაინცაა, ვერ მივაღწევ ნაღრძობი ფეხით.
    როგორც ჩანს, ნაციონალების მიკროკოორდინატორი ვგონივარ, გაბოროტებული თვალებით მიმზერს ეს მოხუცებული ქალი. რანაირად უნდა ვანუგეშო, წარმოდგენა არ მაქვს. დაიღალა ხალხი არაფრის მომცემი დაპირებების ჩუქებით...
     უბანში სამუშაოდ ბოლოს 26 მაისს, დღის 12 საათისთვის გავეშურე. ვიცოდი, რა მანძილიც მქონდა გასავლელი: 4 კილომეტრი წინ და 4 კილომეტრი უკან. ორკილომეტრიანი გზის გავლის შემდგომ, პირველივე დიდ მოსახვევში, ქუჩის პირას, ბებერი ცაცხვის ძირში ჩამომსხდარი რამდენიმე ასაკოვანი ადამიანი შევნიშნე. მათ უკვე აღარა აქვთ უნარი სათბურებში და ყანებში იმუშაონ, აღარც საქონლის მომვლელებად გამოდგებიან, ყველაფერი, რაც ცხოვრებაში უნახავთ ერთ წიგნად შეიძლება აიკინძოს. ახლა ისღა დარჩენიათ, თავიანთი გამოცდილება შთამომავლებს გადასცენ...
- დღევანდელ დღეს ქუჩაში როგორ დადიხარ, ქუთაისში პარლამენტის შენობა იხსნება! ნუთუ არ გიხარია? - მეკითხება ერთ-ერთი მათგანი, თხილის გამოთლილ ტოტზე დაბჯენილი ლავრენტი ბაბუა.
- თქვენ თუ გიხარიათ? - კითხვას ვუბრუნებ.
- რა ვიცი, შვილო, მაგ პარლამენტს ჩემთვის არაფერი მოაქვს, თავისი თავის სიკეთისთვის აშენებენ, თორე ჩემი შვილი 20 წელი წყალსადენში მუშაობდა და ამ გაზაფხულზე სამსახურიდან გამოაგდეს. ახლა სახლში მიზის და ჩემი პენსიის აღებას ელოდება, სიგარეტის ფული რომ მივცე. - მეუბნება ბაბუა ვასილი.
- პენსია, თორე, შენც არ გქონდეს იმდენი, რომ ანტალიაში დასასვენებლად გეყოს! - ექილიკება ქლიავის ჩირივით ჩამომხმარი ბაბუა ლავრენტი.
ამ მოხუცებს ბერიას ეპოქა ახსოვთ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამათ აღარ ეშინიათ, 86 წლის მოხუცებულს დასაჭერად ვინ წაეპოტინება. თუმცა თავს მაინც იზღვევენ:
- კარგი კაცია ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, უფრო სწორედ, ძალიან კარგი კაცი იყო, როცა მოვიდა: ენერგიული, ჭკვიანი, ნიჭიერი კაცია, შევარდნაძის დაქცეული ქვეყანა ფეხზე წამოაყენა, თვალში გამოახედა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მეორედ მობრუნდნენ, ქვეყნის წინსვლისთვის შექმნილი ლოკომოტივი იმ რელსებზე შეაყენეს, მარტო მაგათთვის რომ მოაქვს სიკეთე, - ამბობს ერთ-ერთი.
- დაამთავრებენ ახლა იმ პარლამენტის შენებას და მოგვხედავენ მერე! - ქირქილებს ბაბუა ვასილი.
- არ დაიჯერო შენ ეს ზღაპრები, გაუნათლებელი კაცი რაც მეტი მშიერია, მით უფრო მეტად სჯერა, რომ ხელისუფლება აუცილებლად დაეხმარება. ამათ ხალხის ნაშრომ-ნაოფლარი ფულები შტაპელებად აქვთ უკვე დაწყობილი, სხვა ქვეყნების ბანკებში. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მილიარდები შემოსდით, დასავლეთ საქართველოში უდიდესი სოფელია ჩვენი სოფელი, მაგრამ ელემენტარული და სოფლის მეურნეობისთვის მთავარი პრობლემა - სარწყავი არხების სისტემა - ვერ მოაგვარეს - დიალოგში ებმება კიდევ ერთი მოხუცებული, - ვიღაც გათურქებული ქართველი ჩამოვიდა ამასწინათ თურქეთიდან, ქართულად გველაპარაკა, მიწა უნდოდა აქაური ეყიდა: გადიხედა, გადმოხედა ეზოებში, აქეთ ეზოებში წყალი არ შედისო? - იკითხა. არაო, რო ვუთხარით. - როგორ გეკადრებათ, ბატონოო, - თურქეთში სახნავი მიწა არ არსებობს, სარწყავი წყალი რომ არ შეუდიოდესო. - მიაბრუნა მაშინვე მანქანა და დაადგა ისევ თურქეთისკენ მიმავალ გზას.
     მეტი დრო აღარ მქონდა, მივატოვე მუსაიფსა და პოლიტიკურ დებატებში ჩართული მოხუცი ფარცხანაყანებელები.
იმ დღეს, დაახლოებით, 20 ოჯახი ჩამოვიარე, ყველა ოჯახში ტელევიზორი ჰქონდათ ჩართული, ყველა ოჯახში ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ლაპარკობდა, გაბადრული სახით; უსუსურ პატარებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ნაშოვნი ევროებით არჩენენ სახლებიდან გაქცეული ბებიები, გულში იკრავდა და იხუტებდა, ისეთი კადრები იყო, ჭკუაზე გადაგიყვანდა სიხარულით. მაგრამ მე აქ, ამ ქუჩაზე, შრომაში წელმოწყვეტილ გლეხებს ვხედავდი, წყალი რომ არ ჰქონდათ, ოჯახებში გაზის შემოსაყვანი ფული რომ არ ჰქონდათ. ზოგ მათგანს ქალაქში ჩასასვლელი ფულიც რომ არ ჰქონდა, მაგრამ გადასახადებს მაინც ერთგულად იხდიდნენ... და იმ ბოლო ოჯახში, სადაც მივედი, საიდანაც საღამოს 7 საათზე უკან უნდა მოვბრუნებულიყავი, ერთ-ერთ რიგით - შავგულიძეების ოჯახში, უცხოელი ტურისტი აღმოვაჩინე.
- ეს კაცი ვინ არის? - ვიკითხე გაოცებულმა. ამ მიყრუებულ ქუჩაზე ქალაქის ავტობუსიც კი მხოლოდ ორ რეისს აკეთებს, უცხოელი საიდან აღმოჩნდა, ვერ გამერკვია.
- არც ჩვენ ვიცით, - მიპასუხა ოჯახის ახალგაზრდა დიასახლისმა, რომლის თორმეტი წლის გოგონაც, ტელევიზორის ეკრანთან მიმჯდარი, თვალს არ აცილებდა ტრიბუნაზე მდგარი პრეზიდენტის გაღიმებულ სახეს.
ოჯახის უფროსი, ვისაც უცხოელი ტყიდან წამოეყვანა, რუსულად უხსნიდა სტუმარს:
- ვოტ, ეტოტ ნაშ ნოვიი პარლამენტ!
ოჯახის უფროსები ეკრანთან მიმჯდარ თეონას სთხოვენ, ინგლისურად აუხსნას, თუ რა ხდება ჩვენს თავს. გოგონაც თავის საყველპურო ინგლისურით არკვევს, რომ სტუმარი, უბრალო მუშაა, მისისიპის შტატიდანაა, და ამერიკიდან იმიტომ ჩამოვიდა, რომ კუთვნილი შვებულება ჩვენი ქვეყნის დასათვალიერებლად გამოიყენოს.
- ტყეში ვიპოვე, ველოსიპედით შედიოდა, იქ მარტოკას კარავი უნდოდა გაეშალა, - სიხარულს ვერ მალავს ოჯახის უფროსი. ახალგაზრდა რძალი დატრიალდა, შემოსულ უცხოელს ვახშამს უმზადებს. მე კი მათ სტუმართმოყვარე ოჯახს ვტოვებ და შინ ვბრუნდები. ერთი საათი მაინც დამჭირდება ჩემს სახლამდე მისასვლელად.
- არა, მაინც, რა ბედნიერები არიან ეს ამერიკელი მუშები! ამათი პრეზიდენტი თუ იცინის, ისევ მათი ბედნიერებისათვის იცინის, თორემ ამერიკიდან რეხიტყეში თავს საიდან ამოყოფდა ეს ტურისტი? კამბოჯა და ბანგლადეშიც არ ექნება, ალბათ, ნანახი და სამივეს ერთად იპოვის ამ ჩვენს დაყრუებულ სოფელ-ქვეყანაში.

წყარო: http://regions.ge/2&newsid=5709&year=2012&position=news_main

ფოტოს ავტორი: Gabro... :))

აქაც არიან "სვეწკები" :დ

ფარცხანაყანევის #2 საჯარო სკოლა my school :)))

ფარცხანაყანევის მეურნეობა... ფლორა :დ

No comments:

Post a Comment