Tuesday, December 4, 2012

ისტორია


     საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად XIII ს. მეორე ნახევარში წარმოიქმნა იმერეთის სამეფო. თავდაპირველად იგი დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავდა; მაგრამ შემდეგ საგარეო და საშინაო პოლიტიკური მდგომარეობის გამო XVI ს. მას ოდიშისა და გურიის სამთავროები ჩამოსცილდა, XVII ს. კი აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები. ამის შემდეგ იმერეთის სამეფოს ტერიტორია საკუთრივ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმითშემოიფარგლებოდა.
     იმერეთის სამეფოს აღმოსავლეთით ქართლის სამეფოსაგან ლიხის ქედი ყოფდა, ხოლო დასავლეთით მისი საზღვარი მდ. ცხენისწყალზე გადიოდა, ჩრდილოეთით მას კავკასიონის ქედი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით მესხეთის მთები. იმერეთის სამეფოს სატახტო ქალაქი ქუთაისია. თურქ დამპყრობთა გამუდმებულმა თარეშმა, კიდევ უფრო, მჭიდროდ დააკავშირა იმერეთის დედაქალაქი მთელი სამეფოს ცალკეულ მხარეებს, რომლებიც მასში უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამაერთიანებელ ძალას ხედავდნენ. აქვე იმყოფებოდა მეფის მთავარი რეზიდენცია. XV—XIX სს.
     იმერეთის სამეფოში, ისე როგორც საერთოდ საქართველოში ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობა იყო. სამეფოში არსებობდა მრავალი სათავადო (მხეიძეთა, ჩხეიძეთა, მიქელაძეთა, რაჭის ერისთავთა, იაშვილთა, ლორთქიფანიძეთა, აბაშიძეთა, აგიაშვილთა, წერეთელთა, წულუკიძეთა, და სხვა), რომლებიც ტერიტორიულად და პოლიტიკურად განცალკევებულ ფეოდალურ ერთეულებს წარმოადგენდნენ. იმერეთის სამეფოს სათავეში მეფე იდგა. ის იყო ქვეყნის უზენაესი მმართველი. იმერეთის მეფეები წარმოშობით ბაგრატიონთა დინასტიის დასავლურ შტოს (დავით ნარინის შტო) ეკუთვნოდა. მეფე ფორმალურად შეუზღუდველი იყო, მაგრამ ფაქტობრივად მისი ძალაუფლება დიდად იყო დამოკიდებული მსხვილი თავადების ნება-სურვილზე. იმერეთის სამეფოს კარზე არსებობდა „დარბაზი“ ანუ სახელმწიფო საბჭო, რომელშიც მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი საერო და სასულიერო ფეოდალები შედიოდნენ, სამეფო იყოფოდა ოთხ სამეფო ტერიტორიულ ერთეულად-სადროშოებად ანუ სასარდლოდ: ქვემო იმერეთის, ზემო იმერეთის, რაჭის და ოკრიბა-ლეჩხუმის. იმერეთში სარდლის, ანუ სადროშოს სახელო ეკავათ მემკვიდრეობით გარკვეულ თავადურ საგვარეულოებს. მაღალი საერო თანამდებობის პირთა შორის იმერეთის სამეფოში მეფის შემდეგ პირველი ადგილი სახლთუხუცესს ეკავა. უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო. მისი რეზიდენცია XVI ს. ბიჭვინთაში იყო, ხოლო XVI ს. შემდეგ გელათში. იმერეთის სამეფოში ოთხი საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა: ქუთაისის, გელათის, ხონის და ნიკორწმინდის, აქვე იყო გელათის, ჯრუჭის, მღვიმევის და სხვა ეკლესია-მონასტრები.
  1555 წელს ირან-ოსმალეთს შორის დადებული ამასიის ზავით საქართველოს მდგომარეობა ძალზედ გართულდა: აღმოსავლეთ საქართველო-ირანის, ხოლო დასავლეთ საქართველო ოსმალეთის აგრესიის ობიექტი ხდება.
   იმერეთის მეფეს, ამავე დროს, ავიწროებდნენ ოდიშისა და გურიის მთავრები, ეურჩებოდნენ საკუთარი მსხვილი თავადებიც. XVII ს. 60-იანი წლებიდან 1770 წლამდე იმერეთის ციხე-სიმაგრეებში (ქუთაისში, შორაპანში, ცუცხვათში, ბაღდათში) ოსმალეთის გარნიზონები იდგნენ. მიუხედავად რთული საშინაო და საგარეო პირობებისა იმერეთის მეფეები ენერგიულად იბრძოდნენ გარეშე და შინაური მტრების წინააღმდეგ, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის. ამ მისიას იმერეთის მეფეებიდან განსაკუთრებული თავგამოდებით ემსახურებოდნენ: ბაგრატ III (1510—1565), გიორგი II (11565-1585), გიორგი III (1605—1639), ალექსანდრე III(1639-1660 წწ.), ალექსანდრე V (1720—1751 წწ.), სოლომონ I (1751—1784 წწ.), სოლომონ II (1789—1810 წწ.).
     იმერეთის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა სოლომონ I მეფობის დროს. იგი ენერგიულად ებრძოდა ოსმალეთის აგრესიას და ქვეყნის შიგნით ფეოდალურ რეაქციას. მან გააუქმა რაჭის საერისთაო და აღკვეთა ტყვეებით ვაჭრობა, რომელიც ქვეყანას გადაშენებას უქადდა. სოლომონ I-მა XVIII ს. 60-იანი წლების ბოლოს დაამარცხა თურქი დამპყრობლები და გაათავისუფლა იმერეთის ციხე-სიმაგრეები (ქუთაისი, ცუცხვათი, შორაპანი, ბაღდათის). ამაში სოლომონს დაეხმარა რუსეთ-ოსმალეთის 1768—1774წლების ომი და იმერეთის სამეფოში რუსეთის სამხედრო კორპუსის შემოსვლა.
     1774 წელს სოლომონ პირველმა დახმარებისათვის რუსეთს მიმართა და მფარველობაში მიღება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან რუსეთს არ სურდა ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების დარღვევა და ოსმალეთთან ურთიერთობის გართულება. 1783 წელს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოთა შორის გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, სოლომონ პირველმა სცადა მსგავსი ხელშეკრულება დაედო რუსეთთან, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია.
     სოლომონ პირველის გარდაცვალების შემდეგ (1784) ცენტრალური ხელისუფლების ძლიერება ისევ შეირყა. დაიწყო იმერეთის ტახტის პრედენდენტთა შორის პრძოლა. 1789 წელს ტახტს დაეუფლა სოლომონ II, რომელმაც შესძლო XVIII ს. ბოლოს სამეფოს შემომტკიცება.

No comments:

Post a Comment